ლურჯი ფრინველი

……ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

და შორეული ცის სილაჟვარდე.

გალაკტიონი

 

გალაკტიონის დაფნებიან საფლავს ჩავუვლი,

თავს დავხრი, თითქოს ჩამედინოს დანაშაული…

თვალწინ გვირგვინებაზვინული მიწა იელვებს

და სულს, ისედაც დამწუხრებულს, მიცარიელებს.

მარტოდენ ოხვრას ამუშავებს გულის სარქველი…

უცებ, ცახცახით გაიღება ლურჯი სარკმელი

და ლურჯ სამოსში _ ლურჯ ნისლებში გამოხვეული,

გადმოეშვება კაცი ლექსად ამბოხებული.

ვერ შეაშინებს სართულების ცივი სიშორე,

ვიღაც მოუხმობს: _ ლაჟვარდიდან გვიდირიჟორე!..

მიჰქრის ფრინველად, იისფერი ფრთანი გაშლია,

მისი გულისხმა ფრენაშია, ქარიშხალშია.

გადაევლება თმებგაწეწილ დედა-იმერეთს,

სადაც მაისის საგალობელს ვეღარ იმღერებს.

თავს გადაუვლის საქართველოს ლურჯი ფრინველი,

პატარა ქვეყნის ჯადოქარი გულის მხილველი.

დაწყვეტილ სიმებს ააწივლებს ცაში ელვებად,

ხან ჩანს სიკვდილის გარდაუვალ საშინელებად,

ხან ლურჯ ზმანებად გადაუვლის ტაძრებს ატყორცნილს,

ხან დამსხვრეული ხომალდების ანძებს დაკოცნის.

ხან ბალღობაში გაიჭრება შთაგონებული,

ხან ფრთოსან ლომად მთვარეს სწვდება ალმოდებული,

ხან ზღვას ჩახედავს, შიგ ჩაძირულ ქალაქს აღადგენს,

ხან ვრცელ სამყაროს სირინოზად გადაღაღადებს.

სწორუპოვარი და იდუმალ ხმათა მფლობელი:

გალობს ფრინველი, ჟამთასვლაში მანათობელი:

_ ო, საქართველოვ, დაგელოცოს კალთა, მარჯვენა,

დაბადებულხარ ქვეყნად ცეცხლის გადასარჩენად!_

გალობს ფრინველი და კლდეებთან ხვდება ამირანს,

ცეცხლის და ლექსის ღმერთკაცები ერთად არიან.

გადმოხედავენ ვრცელ სამყაროს ძმები უშბიდან,

მერე წამოვა მომღერალი ფრენით, გულმშვიდად.

წამოვა ისევ, გადმოუვლის დედა-სამშობლოს!…

ღაღადებს იგი: _ საქართველოვ, სევდა გაშოროს!…

უსმენს ფრინველი გულისყურით და მოკრძალებით:

_მწუხრისას რისთვის გუგუნებენ გლოვის ზარები?..

მგოსანთ სასახლეს მოვლებია შავი არშია,

რა მარშს უკრავენ, რა მწუხარე ზარის მარშია?..

რარიგ მოხრილა მარჯვენაზე შავმოვლებული

ახალგაზრდობა გუშინ ჩემგან შთაგონებული?

თვალს ლაჟვარდიდან გადმოავლებს ლურჯი ფრინველი

და მწუხარება ეუფლება გულს საშინელი.

ხედავს, ირხევა გალავნიან ბაღში კედარი;

ხედავს, გამოაქვთ მოზღვავებულ ხალხში ცხედარი.

_ არა, ეგ არ ვარ, ეგ არ ვიყავ და არც ვიქნები,

სიცოცხლის ცეცხლი ცხედრად როგორ გარდავიქმნები?_

იტყვის და ზემოთ, მთაწმინდისკენ გასწევს შრიალით,

უკან გაჰყვება ზართა რეკვა კაეშნიანი.

ღელავს თვალთაგან წამოსული ზღვა ლურჯტალღება,

დედის კალთაზე მიასვენებს თავს უკვდავება.

.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s