,,სამრეკლოების მდუმარე ჩრდილში”

 b5d360acb8f806a14ae63cf28e1baeca
    ეძღვნება ფაშისტების მიერ მოკლული ესპანელი პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას, ხსოვნას.
I.  პირინეიზე, ესპანეთში, მზის ქვეყანაში,
ფორთოხლის ბაღში, შადრევნების
ვერცხლისფერ მტვერში,
არაფრისმცოდნე ბავშვების თვალწინ,
სამრეკლოების მდუმარე ჩრდილში-
მოკლეს პოეტი და მისი სისხლი
გაინაწილეს ციხის კედლებმა,
როგორც დროშები.
ხოლო ჯალათმა სახლში წაიღო
ცოდვილი ხელი.
და მიუტანა ცოლსა და შვილებს
პოეტის სისხლით ნაყიდი პური.

II. ტყუილად რეცხავ ჯალათის ცოლო!
არ მოშორდება შენს ღარიბ ჭურჭელს
სისხლის ლაქები.
მე მეცოდება შენი ქალობა,
შენი სხეულიც
და შენი სულიც – თავშესაფარი
ლაჩრის და მონის.
შესაცოდია, რა თქმა უნდა, თუკი არ
იცი, ვის ვნებას აცხრობ.
თუკი არ იცი, ვის უჩუმდები.
თუკი არ იცი, რომ ყოველ ღამე
გველი გეხვევა და არა მკლავი, თოკი
გეხვევა სახრჩობელების, –
ადამიანის ცრემლით და სისხლით
და ბოლო კვნესით დამძიმებული…

III. ტყუილად ბრაზობ ჯალათის შვილო,
როცა ტოლები გერიდებიან,
როგორც კეთროვანს.
ან როცა მათი შავი დედები თვალს
გაყოლებენ პირმოკუმულნი.
ან როცა შენი მასწავლებელი, ძლივს
შეკავებულ რისხვით და ზიზღით,
შენს გვარს და სახელს ისე
კითხულობს, როგორც მსაჯული…
მაგრამ ჯერ დროა, რომ შენი სული გადაარჩინო
და ჭაობიდან გამოიტანო, როგორც
ყვავილი ჯერ გაუშლელი.

IV. ხედავთ, კედელთან
მიხვეტილ ძონძებს,
ბებერ მუშტივით
შეკუმშულს მტვერში?
ის წუხანდელი მსხვერპლის დედაა,
ციხის კედელთან დევს,
როგორც ნაღმი,
აფეთქებამდე გაუქმებული.
ის აქ იქნება,
სანამ ამქვეყნად იქნება ციხე…
სანამ ამქვეყნად იქნება თუნდაც
ერთი ფოთოლი,
მზის მოტრფიალე და მომღერალი.
ბიჭი, რომელიც ჯალათებმა
აწამეს წუხელ,
ფოთოლი იყო ფორთოხლის ხისა
და მისი ჩრდილი
ფარფატებდა ქვაფენილებზე
და შეყვარებულ გოგოს თვალებში…
ფოტოლი იყო ფორთოხლის ხისა,
მზის მოტრფიალე და მომღერალი.
და იმ ფოთოლზე სხდებოდნენ ხოლმე
ჭრელი ჩითები და ვარსკვლავები…
მთვარეც ჯდებოდა, ღრუბლებიც,
ქარიც, წვიმაც და თოვლიც…

V. ფორთოხლის ბაღში ტირის ირენე,
როგორც ტოტებში გაბმული სიმი.
და დონ კიხოტის გამხდარი ცხენი
გარინდებულა, როგორც ფიტული,
მზემოკიდებულ სამრეკლოს ჩრდილში
და გახურებულ საფლავებს შორის –
და პირინეის ნახევარკუნძულს
გრძნობს:
უსაშველოდ ნატკენ გულივით,
ძველი ცრემლია ირენეს ცრემლი,
ბევრი პოეტი და მატადორი
გამოიტირა ირენეს ცრემლმა,
ბევრი პოეტი და მატადორი,
მოულოდნელად დამარცხებული
ჯალათის ხელით თუ ხარის რქებით.
მატადორებად და პოეტებად
გაიზრდებიან მისი შვილებიც,
ოღონდ ირენეს მომავალ შვილებს
ნუ გამოჰყვებათ მამების ბედი.
ირენეს დებო და დობილებო,
შემოიხიეთ შავი კაბები
და აუხვიეთ ხარებს თვალები
და შეუკარით ჯალათებს ხელი…
მატადორები გვანან პოეტებს,
მაგრამ ისინი სხვის დასანახად
და მოსახიბლად კვდებიან მაინც.
ხოლო პოეტის მხურვალე სისხლი
სამარადისოდ გადადის ხალხში.

 ოთარ ჭილაძე
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s